საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში ლევან თაქთაქიშვილთან ერთად ესპანეთში ვიზიტის შესახებ ტვ "მთავარი არხის" სიუჟეტს ეხმაურება:
როდესაც გავეცანი მთავარი არხის ინფორმაციას ესპანეთში ჩემი და ბატონი ლევან თაქთაქიშვილის ვიზიტის შესახებ, გამახსენდა “დათა თუთაშხიადან” ერთი ასეთი ნათქვამი: “ეშმაკობთ ნიკანდრო”. აქ ისე გამოყავთ, თითქოს ჩვენ ესპანეთში მხოლოდ იმიტომ ჩამოვედით, რომ საკვირაო სკოლის ბავშვებს შევხვედროდით. ჩვენი ვიზიტი უპირველეს ყოვლისა უკავშირდება უაღრესად ფასეული წიგნების შეძენას პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისთვის. (მე-16 საუკუნის გამოცემები) დაგეგმილია შეხვედრა აქაურ ბიბლიოთეკაშიც.სკოლაში კი ნამდვილად მივედით, აქაური საელჩოს და საკონსულოს წარმომადგენლებთან ერთად და უნდა გითხრათ, რომ მხოლოდ განცვიფრებას, მოწიწებას და აღტაცებას იმსახურებს ამ სკოლის ქართველ მასწავლებელთა თითქმის თავგანწირვამდე მისული ენთუზიაზმი და შრომა, რათა ემიგრირებული ქართული ოჯახების ბავშვებმა არ დაკარგონ ქართული ენა და კულტურა. და ეს არამარტო აქ, მადრიდში, არამედ ყველგან, სადაც ასეთი სკოლები არსებობს. ჩვენ ჯეროვანი პატივი უნდა მივაგოთ ამ ადამიანების უხმაურო, თავდადებულ მსახურებას, მათ პატრიოტიზმს.