საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის საკონცერტო დარბაზში სანოტო გამოცემის „მერი დავითაშვილი - რჩეული ნაწარმოებები“ პრეზენტაცია გაიმართა. კრებული კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით გამოიცა და მიეძღვნა საიუბილეო თარიღს - მერი დავითაშვილის დაბადების 100 წლისთავს.
სანოტო გამოცემა „მერი დავითაშვილი - რჩეული ნაწარმოებები“ წარმოადგენს კომპოზიტორის სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებთა ოთხტომეულს.
I და II ტომები - „საფორტეპიანო მუსიკა“ - I ტომი მოიცავს შესაბამისი სირთულის მიხედვით განლაგებულ ნაწარმოებებს როგორც დაწყებითი კლასების, ისე უფროსი ასაკის მოსწავლეთათვის; ასევე პროფესიონალ მუსიკოს-შემსრულებლებისთვის განკუთვნილ ნაწარმოებებს. II ტომი აერთიანებს კვლავ სირთულის მიხედვით განლაგებულ დიდი ზომის ნაწარმოებებს - საფორტეპიანო სონატინებსა და ნაწარმოებებს ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის - „კონცერტინო“ და „ფანტაზია“.
III ტომი -„სიმღერები“ - აქ წარმოდგენილია როგორც საბავშვო სიმღერები, ასევე სიმღერები ანიმაციური და მხატვრული კინოფილმებიდან. IV ტომი - „კამერული მუსიკა“ მოიცავს როგორც კამერულ-ინსტრუმენტულ, საანსამბლო ნაწარმოებებს, თანდართული ინსტრუმენტული პარტიებით, ასევე ცნობილი ქართველი პოეტების ლექსებზე შექმნილ კამერულ-ვოკალურ ნაწარმოებებს.
კომპოზიტორთა კავშირის მიერ ახალდაარსებული მერი დავითაშვილის პრემია ღონისძიებაზე გადაეცა კომპოზიტორ კახა ცაბაძეს.
სანოტო კრებულის პრეზენტაციაზე ასევე გაიმართა კომპოზიტორ მერი დავითაშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მუსიკალურ-დოკუმენტური ფილმის „და ესე გავხდი საბავშვო“ ჩვენება. ფილმის იდეის ავტორი და რეჟისორია დიმიტრი ბუთლიაშვილი.
დოკუმენტური ფილმის „და ესე გავხდი საბავშვო“ დასრულება კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი. კერძოდ, პროექტმა გაიმარჯვა კონკურსში - „დოკუმენტური/სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობა“. ამ კონკურსის მიზანია სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური კინოს განვითარების მხარდაჭერა და თავისუფალი ხელოვანების/კერძო სტუდიების შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება. ფილმი წარმოაჩენს ბრწყინვალე საბავშვო კომპოზიტორის, მერი დავითაშვილის, ცხოვრებასა და მის, ბევრისათვის საყვარელ და ნაცნობ, მუსიკალურ შემოქმედებას.