სამშენებლო კომპანია „ნექსთ გონიო+“-ის იურისტი აცხადებს, რომ შენობაში, სადაც რკინის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, მათი კომპანიის მხრიდან უსაფრთხოების წესები არ დარღვეულა.

მისივე თქმით, შენობის მოპირკეთების სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია ახორციელებდა.

„26-სართულიანი შენობა უკვე დასრულებულია, ახლა მიმდინარეობდა მოპირკეთების სამუშაოები, რომელსაც კონტრაქტორი კომპანია აწარმოებდა. ჩვენი მხრიდან უსაფრთხოების წესები არ იყო დარღვეული, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ. ჩემი ინფორმაციით, ხარაჩოზე ოთხი პირი იმყოფებოდა. დეტალებს ვერ გეტყვით, ვერც დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მხოლოდ ის ვიცი, რომ გადაყვანილია კლინიკაში“, – განაცხადა გედენიძემ.

ცნობისთვის, გონიოში მშენებარე კორპუსის რკინის კონსტრუქცია ჩამოიშალა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, ტერიტორია შემოსაზღვრულია, ადგილზე არიან აგრეთვე შრომის ინსპექციის წარმომადგენლებიც.