როგორც გვქონდა განსაზღვრული, წერეთლის გამზირი იანვარში დასრულდება. მოძრაობა შესაძლებელი იქნება ორმხრივად და პრობლემა მოიხსნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, გააგრძელებენ ქუჩების განახლებას და რეაბილიტაციას.
„მესმის, რომ ასეთ პროექტებს თან ახლავს დისკომფორტი გადაადგილების თვალსაზრისით, ხმაური, ტალახი და ა.შ. ციდან ჩამოფრენილები ხომ არ ვართ, ყველაფერი ვიცით და ვხვდებით, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია. მე ძალიან გამიხარდებოდა, რომ წინა მთავრობებს ეს ყველაფერი გაეკეთებინათ, ჩვენი საკეთებელი არ იყოს და ამხელა ტვირთი არ გვედოს ზურგზე, მაგრამ შემდეგი მერები რომ იქნებიან, მათ უფრო ნაკლები ექნებათ გასაკეთებელი. მართლა მეამაყება ის, რასაც ვაკეთებთ, ვშრომობთ და ამ შრომის შედეგს რომ ვხედავ, კმაყოფილ ადამიანს რომ ხედავ, მადლიერებას რომ გამოხატავენ, ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი.
რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ქუჩების განახლებას, რეაბილიტაციას. მომდევნო წელს რუსთაველის განახლება გვინდა დავიწყოთ, ოღონდ ჯერ გამზირზე არ არის საუბარი. ეს არის არსებული შენობა-ნაგებობების მოწესრიგება, გამაგრება, ფასადების განახლება თავისი მხატვრული მინათებებით, რადგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ცენტრალური გამზირია თავისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. გვინდა ეს ყველაფერი მთლიანად მოვაწესრიგოთ და ბოლო ეტაპი იქნება თვითონ ქუჩის განახლება-მოწესრიგება“ - აღნიშნა კახა კალაძემ.