თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, იმის შიშით, რომ მშენებლობები კონკრეტულ უბნებს გადატვირთავს, ქალაქის განვითარების შეჩერება და მშენებლობების აკრძალვა არასწორია.

ამის შესახებ მერმა საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატის ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომლის თანახმად, დიდ დიღომში მიმდინარე და დაგეგმილი მშენებლობები ხელს ხომ არ შეუშლის ტრამვაის ხაზის დაანონსებული პროექტის განხორციელებას. 

„ქალაქის განვითარება შევაჩეროთ იმის შიშით, რომ მშენებლობები კონკრეტულ უბნებს გადატვირთავს, ვფიქრობ, არასწორია. დიდ დიღომში ბევრი საცხოვრებელი კორპუსი შენდება, ერთ-ერთი განვითარებადი უბანია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რაიონები ისე განვითარდეს, რომ მცხოვრებლებს არ მოუხდეთ გასვლა - ყველაფერი უნდა ჰქონდეთ ადგილზე: სკოლა, ბაღი, თეატრი, კულტურული სახლები,  სამსახური და ა.შ. რა თქმა უნდა, 100%-ით ეს ვერ იქნება შესრულებული,  რადგან სამსახურები სხვადასხვა მიმართულებით აქვთ, მაგრამ სხვა დანარჩენი სრულად შესაძლებელია. თბილისის გენგეგმის ჯგუფისგან სწორედ ეს მითითებაა, რომ ყველა რაიონი ისე განვითარდეს, რომ მოსახლეობას ადგილზე ჰქონდა ყველა შესაძლებლობა. ტრამვაი მოგვცემს საშუალებას, რომ გავაადვილოთ გადაადგილება, შესვლა-გამოსვლა დიდი დიღმიდან. საკმაოდ საინტერესო პროექტი იქნება. როგორც იცით, პროექტის განხორციელებას ვფიქრობთ აღმაშენებლის ხეივნის შუა ნაწილში, სადაც ტრამვაისთან ერთად სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ავტობუსები და მიკროავტობუსები გადაადგილდებიან, რაც აღმაშენებლის ხეივანში გადატვირთულ მოძრაობას შეამსუბუქებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერმა სტატისტიკაც მოიყვანა, რომლის თანახმად,  2012 წელს, თბილისში, დაახლოებით, 180 ათასი კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა, მიმდინარე წლის 17 სექტემბერს კი  ავტომობილების რეკორდული მაჩვენებელი -დაახლოებით, 860 ათასი ავტომობილი დაფიქსირდა.

„კერძო ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ჩვენ რა უნდა დავუპირისპიროთ მას? იმას ხომ ვერ გავაკეთებთ, რომ შევაჩეროთ ქალაქის განვითარება, სამშენებლო სამუშაოები და ავკრძალოთ კორპუსების მშენებლობა? ეს წარმოუდგენელია და არასწორი, თუნდაც ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, რადგან მშენებლობის სექტორი ეკონომიკური განვითარების კომპონენტში  ერთ-ერთი მოწინავე მიმართულებაა, დაახლოებით, 30%-მდე უჭირავს, საიდანაც 12% მოდის თბილისზე, ხოლო საბინაო მიმართულებით, დაახლოებით, 7%, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებლია. შესაბამისად, კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტულობა, ხელმისაწვდომობა, რათა მოქალაქეებს სწრაფად გადაადგილების შესაძლებლობა მივცეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.