დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუხიანში, გობრონიძისა და ნონეშვილის ქუჩების კვეთაზე არსებული რეკრეაციული სივრცე სრულად განახლდა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, დაახლოებით, ნახევარ ჰექტარ ფართობის ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა.
„იცით, რომ უკვე მეექვსე წელია, არ შეგვიწყვეტია გამწვანების სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით. რეკრეაციული სივრცეების არსებობა მნიშვნელოვანია. ჩვენ გაკეთებულით არ ვკმაყოფილდებით და ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ. თბილისელებს ვპირდები, რომ კიდევ ბევრ მსგავს პროექტს განვახორციელებთ, რადგან ისე არაფერი უხდება ჩვენს ქალაქს, როგორც მწვანე სივრცეები. ამჯერად, კიდევ ერთი პროექტი დავასრულეთ მუხიანში, გობრონიძისა და ნონეშვილის ქუჩების კვეთაზე, სადაც გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სრულად განაახლა არსებული მოძველებული ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები მოეწყო; დამონტაჟდა წყლის სასმელი შადრევანი; ჩატარდა გამწვანების ღონისძიებები - მოეწყო სარწყავი სისტემა და დაირგო ხე-მცენარეები.