დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ყოფილ მოადგილეს, კახა გულედანს, რომელიც რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზეა წარდგენილი, მუნიციპალიტეტის მერიაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადო ჩემ აწ უკვე ყოფილ მოადგილეს, კახა გულედანს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე წარადგინა. კახა არის უაღრესად კეთილსინდისიერი, პროფესიონალი ადამიანი, თავისი საქმის მცოდნე. მინდა, მას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის და იმ საქმეებისთვის, რაც ჩვენ ერთად ვაწარმოვეთ. ის წლების განმავლობაში იყო სამგორის რაიონის გამგებელი, შემდეგ უკვე ჩემი მოადგილე. მას ჩვენს უწყებაში ბევრი კარგი გაკეთებული საქმე აქვს, მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობით დაზარალებული ოჯახების პრობლემების მოგვარება. კახას ჩართულობითა და უშუალო მონაწილეობით, უამრავი ოჯახი გავაბედნიერეთ. მადლობა ამ ყველაფრისთვის და წარმატებები ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.