თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ მიუსაფარი ცხოველების პრობლემებზე დეპუტატების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ თბილისის მერია აღნიშნული გამოწვევის დასაძლევად ძალისხმევას არ იშურებს.
მისივე თქმით, მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია გრძელდება და ამისთვის მერიის ბიუჯეტიდან გარკვეული თანხებია გამოყოფილი.
„მიუსაფარი ცხოველების საკითხი, რა თქმა უნდა, გამოწვევაა. ერთ-ერთი გამომსვლელი ამბობდა, რომ სტერილიზაცია შემცირებულია, რაც არ არის სწორი. ქალაქში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა გაზრდილია. პირველი, ვინც ვართ დამნაშავეები, ჩვენ, ადამიანები ვართ. ძაღლი არ არის ნივთი, რომ მაგალითად, აიღო და გარეთ დააგდო. თუ ვიღებთ პასუხისმგებლობას ძაღლის აყვანაზე, არ უნდა გვქონდეს ის დამოკიდებულება, რომელიც აქვთ ხოლმე. ჩვენ ამ მიმართულებით ჰუმანური დამოკიდებულება გვაქვს და აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მომავალ კვირას დარეგისტრირდება. აღნიშნული კანონპროექტის შემუშავებაში ჩართული იყო ყველა, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს - არასამთავრობო ორგანიზაციები, ვეტერინარები და ასე შემდეგ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, კანონმდებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა დარეგულირდეს.
„მთელი რიგი პროცედურებია გაწერილი, თუ რა უნდა გაკეთდეს. აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემდეგ, მუნიციპალიტეტი მზადაა, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. სტერილიზაციას რაც შეეხება, პროცესი დღესაც გრძელდება. ამისთვის თანხებიც არის გამოყოფილი. მზად ვართ, აღნიშნული პროექტი ბოლომდე მივიყვანოთ, რომ პრობლემა და დისკომფორტი, რომელიც ქალაქში არსებობს, მაქსიმალურად იყოს მოწესრიგებული“, - განაცხადა თბილისის მერმა.