საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოში ცნობილი იტალიური გამოცემის ქართული ვერსიის, La Gazzetta Dello Sport Georgia-ს დაარსებაზე, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.
„ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რომ La Gazzetta Dello Sport საქართველოში ოფიციალურად არის წარმოდგენილი, რაც ძალიან მახარებს. მინდა, მივულოცო სპორტის გულშემატკივრებს, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
ასევე მადლობა მინდა გადავუხადო SMH Sports-ის დამფუძნელეს, ლაშა მაჭავარიანს, რომელიც მართლაც ბევრ კარგ საქმეს აკეთებს ქართული სპორტისთვის და ქართული ფეხბურთისთვის. მგონია, რომ ასეთი პროექტები ხელს შეუწყობს ქართული სპორტის და ფეხბურთის პოპულარიზაციას.
მახსოვს, წლების წინ, როდესაც იტალიაში ვთამაშობდი, რამდენად რთული იყო სერია A-ს მატჩების ნახვა. ხალხი ღამეებს ათენებდა, რომ თამაშებისთვის უცხოურ არხებზე ეყურებინა.
დღეს რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს – ფეხბურთის გამო ისევ ღამეებს ვათენებთ, რომ ვუყუროთ კვარას და ჩვენს სხვა ბიჭებს, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში თამაშობენ და გვახარებენ. უკეთესი შესაძლებლობაა, რომ ჩვენი სპორტსმენების და ფეხბურთელების შესახებ მეტი ინფორმაცია მივიღოთ. იტალიური გამოცემის ეს გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შემიძლია შევაფასო.
რა მახსენდება ამ გამოცემაში ჩემზე დაწერილი სტატიებიდან? ყველაზე მეტად „ინტერთან“ „მილანმა“ 1:0 რომ გავიმარჯვეთ და ეს მატჩი ჩემი გატანილი გოლით მოვიგეთ. ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებები – რა ვიცი, ბევრი რამ. მიჭირს ამ ყველაფრის გახსენება. ჩემთვის ეს ემოციური დღეა, რადგან ამ გამოცემასთან წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდი და დღესაც, სხვათა შორის, კარგი ურთიერთობა მაქვს. მიხარია, რომ საქართველოში იქნებიან წარმოდგენილები“, – განაცხადა კახა კალაძემ.