დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად კოჯორში, იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო. მათ დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
„25 თებერვალი უმძიმეს თარიღად იქცა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 104 წელი გავიდა თარიღიდან, რომელიც მუდამ შეგვახსენებს, რამხელა უბედურება მოაქვს ოკუპაციას და რამდენად მძიმეა სუვერენიტეტდაკარგული ქვეყნის ხვედრი. საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ დედაქალაქის დაკავებას წინ უძღოდა ბრძოლები სწორედ აქ, თბილისის მისადგომებთან და ამ ბრძოლებს შეწირული ქართველი ახალგაზრდების გმირული თავდადება. ჩვენი ვალია თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნის წინაშე, გავუფრთხილდეთ, დავიცვათ და განვამტკიცოთ ის უდიდესი მონაპოვარი, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობა ჰქვია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოში 25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის დღე აღინიშნება.