პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გასვლითი სხდომა გამართა.
სხდომაზე იმსჯელეს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის, ასევე ტყვიით მოწამვლის პრევენციის და ტყვიაზე მდგრადი ზედამხედველობის სისტემის შექმნის თაობაზე.
სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაცია სხდომის მონაწილეებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გააცნო. მინისტრმა ასევე წარადგინა სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის საქმიანობის ანგარიში.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ ისაუბრა სამინისტროს პროგრამის - “უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა” მიმდინარეობაზე, შედეგებსა და გამოწვევებზე. მანვე ყურადღება გაამახვილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2025 წლის პროგრამების მიმდინარეობაზე.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გასვლით სხდომას, პარლამენტის წევრებთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები ესწრებოდნენ.