თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია თსუ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ეწვია ევროპის ერთ-ერთ უძველეს უნივერსიტეტს - მესინას (იტალია) უნივერსიტეტს.
თსუსა და მესინას უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ათეულ წელზე მეტია გრძელდება და ფოკუსირებულია ანთროპოლოგიისა და ეთნოლოგიის მიმართულებებზე. ამასთან, ორივე უნივერსიტეტი აქტიურადაა ჩართული ევროკავშირის პროგრამაში ერასმუს პლუსი, რომელიც სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ითვალისწინებს.
ვიზიტის ფარგლებში თსუის დელეგაცია შეხვდა მესინას უნივერსიტეტის პირველ ვიცე-რექტორს, პროფესორ ჯუზეპე ჯორდანოს და პრორექტორს აკადემიური მიმართულებით, პროფესორ ანტონინო ჯერმანას, ასევე, უძველესი, ანტიკური და თანამედროვე ცივილიზაციის ფაკულტეტის დეკანს და აკადემიურ პერსონალს. შეხვედრებზე შეთანხმდნენ, რომ უნივერსიტეტებს შორის გაფორმდება ინსტიტუციური ხელშეკრულება, რომელიც თანამშრომლობის უფრო ფართო სპექტრს მოიცავს.
თსუში მესინას უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი 2025 წლის გაზაფხულზე იგეგმება, რომლის დროსაც ხელი მოეწერება შეთანხმებას ურთიერთთანამშრომლობის გაფართოებასა და საუნივერსიტეტო განვითარების პროექტების შემუშავებაზე.