თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბერგლიოტ ჰოვლანდთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მხარეებმა თსუ-სა და ნორვეგიის სამეფოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის არსებული თანამშრომლობის გაფართოებაზე, ქართველი და ნორვეგიელი მკვლევრების ერთობლივ საქმიანობაზე, უნივერსიტეტში არსებული სკანდინავისტიკის ცენტრის განვითარებასა და ნორვეგიული ენის სწავლების ხელშეწყობაზე ისაუბრეს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას ინფორმაციით, თსუ-ში ნორვეგიული ენა დაახლოებით 30 წელია ისწავლება და სკანდინავისტიკის მიმართულებაზე ერთ-ერთი დომინანტია. „მიხარია, რომ ეს მიმართულება ვითარდება უნივერსიტეტში და ბევრი სტუდენტია დაინტერესებული“, -აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
როგორც ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბერგლიოტ ჰოვლანდმა აღნიშნა, სტუდენტები, რომლებიც ნორვეგიულ ენას სწავლობენ უნივერსიტეტში ერთგვარი ელჩები არიან ქვეყნის. „თსუ-ის სკანდინავიურ ცენტრთან თანამშრომლობის გარდა, ნორვეგიის სამეფოს არაერთი უნივერსიტეტი თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ჩვენი საელჩო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ამ ურთიერთობების გაფართოებას“, - განაცხადა ბერგლიოტ ჰოვლანდმა.
რექტორის ინიციატივით, დაიგეგმა ნორვეგიის სამეფოს ელჩის საჯარო ლექცია - „ევროპული ინტეგრაცია“, რომელსაც ბერგლიოტ ჰოვლანდი თსუ-ის სტუდენტებისთვის უახლოეს მომავალში წაიკითხავს. ასევე, საელჩოსთან თანამშრომლობით, გამოიცემა ნორვეგიის ისტორიის ქართულენოვანი და საქართველოს ისტორიის წიგნები ნორვეგიულ ენაზე.