თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა.
ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი გიორგი გოგოლაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდა.
დაჯილდოების ღონისძიება მშობლიური ენის საერთაშორისო დღის ფარგლებში გაიმართა. როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, მშობლიური ენის საერთაშორისო დღე იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით. „სწორედ ამ დღეს ვაჯილდოებთ პროფესორ გიორგი გოგოლაშვილს, ადამიანს, რომელიც 50 წელია მოღვაწეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სტუდენტებს ასწავლის მშობლიურ ენას. მას მრავალი თაობა ჰყავს აღზრდილი, ის ადამიანები, რომლებიც სკოლებში, სხვადასხვა ინსტიტუციებში ემსახურებიან ქართული ენის საქმეს და ქართული ენის პოპულარიზაციას. გოგი გოგოლაშვილი ყოველთვის იბრძოდა უნივერსიტეტის მხარდასაჭერად და ყოველთვის იყო უნივერსიტეტის ინტერესების სადარაჯოზე“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
„ბედნიერებაა, როცა ქართველი ქართველ კაცს ქართულს ასწავლის და ეს ბედნიერება ბედმა მეც მარგუნა. ნახევარი საუკუნეა უკვე ამ საქმეს ვეწევი. ზუსტად 50 წლის წინ შევედი პირველად ამ უნივერსიტეტის აუდიტორიაში როგორც ლექტორი. ბედნიერი ვარ იმითაც, რომ დაფასდა ჩემი ეს მსახურება. თუმცა, ეს არა ჩემი, არამედ ქართული ენის მსახურების დაფასებაა და მადლობა უნივერსიტეტს, იმისთვის, რომ მან იცის რა არის მშობლიური ენა და რომ ამ მსახურებისთვის მადლობას უხდის იმას, ვინც მეტად თუ ნაკლებად რაღაც საქმე გასწია“,- აღნიშნა გიორგი გოგოლაშვილმა.
21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღედ იუნესკომ 1999 წელს გამოაცხადა, რაც ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას და განვითარებას ისახავდა მიზნად. 2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება. მშობლიური ენის საერთაშორისო დღე საქართველოში 2005 წლიდან აღინიშნება.