თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არაფორმალური განათლების განვითარების ხელშეწყობისა და სტუდენტებში მოხალისეობრივი პრაქტიკის დანერგვის მიზნით, „თსუ დესპანი 2024“-ის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. პროექტში მონაწილე ახალგაზრდებს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია შეხვდა და წარმატებები უსურვა.
„მნიშვნელოვანი პროექტია „თსუ დესპანი“, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ჩვენს სტუდენტებს მშობლიურ სკოლებში ჩავიდნენ და სკოლის მოსწავლეებს, ჩვენს მომავალ სტუდენტებს ესაუბრონ მათთვის საინტერესო საკითხებზე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ სასწავლო პროგრამებზე, აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებაზე, გაცვლითი პროგრამებით უცხოეთში სწავლის შესაძლებლობებზე. წარმატებას ვუსურვებ თსუ-ის თითოეულ დესპანს ამ მნიშვნელოვან საქმეში. პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება სკოლებში ჩვენი მეცნიერების ჩასვლა და სხვადასხვა აქტივობები სკოლის მოსწავლეების მეცნიერებით დასაინტერესებლად. ეს არის ძალიან კარგი საშუალება, რომ უმაღლესმა დაწესებულებამ და სკოლამ ითანამშრომლონ,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
თსუ სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტის პროექტი „თსუ დესპანი“ მე-12 წელია რაც ხორციელდება. მისი მიზანია ნებისმიერი საფეხურის სტუდენტმა მშობლიური სკოლის მოსწავლეებს გააცნოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტური ცხოვრება. პროექტისადმი სტუდენტების ინტერესი მუდმივად მზარდია. წელს, მასში მონაწილეობის სურვილი 600-მდე სტუდენტმა გამოთქვა, 330-მა მოიპოვა დესპანის სტატუსი, რომელთაც გაიარეს ტრენინგები და დაეუფლენ საჭირო საპრეზენტაციო უნარებს.
პროექტში ჩართულ დესპანებს საშუალება აქვთ ჩაერთონ მათთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა სახის აქტივობაში, რაც მათ პროფესიულ და კარიერულ განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტი პასუხობს უნივერსიტეტის მესამე მისიით განსაზღვრულ საჭიროებებს და შეაქვს წვლილი საზოგადოების განვითარებაში.
უკვე მეორე წელია პროექტის პარტნიორია "საქართველოს ბანკი", რომელიც უზრუნველყოფს პროექტის მონაწილეთა ბრენდირებას. წლევანდელი წელი გამორჩეულია რადგან პროექტს ჰყავს ახალი მხარდამჭერი "Digital Institute" სახით. პარტნიორობის ფარგლებში 20 დესპანს მათთვის სასურველი კურსი დიჯიტალ ინსტიტუტში სრულად დაუფინანსდება. ამასთან ყველა დესპანს 50% ფასდაკლება ექნება ნებისმიერ სასურველ კურსზე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და რექტორატის ხელშეწყობით, „თსუ დესპანი“ საქართველოში ერთ-ერთი პირველი ახალგაზრდული მოხალისეობის პლატფორმაა, რომელიც სტუდენტ-მოხალისეებს, საინტერესო იდეებისა და აქტივობების განხორციელებაში ეხმარება.