ფრანგული ენის სწავლების მხარდაჭერასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა მუჰამედ კეტატამ თსუ-ში გამართულ შეხვედრაზე.
თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, AUF-თან უნივერსიტეტს მჭიდრო და ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებს, რაც თსუ-სა და AUF-ში გაერთიანებულ პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის შედეგია. ყოველივე ეს კი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებას, ფრანგული ენის პოპულარიზაციასა და სწავლების მეთოდების განვითარებას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე, ასევე, შეფასდა AUF - ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ოფისის საქმიანობის შედეგები.
AUF მსოფლიოში უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასოციაციაა, რომელიც 1000-ზე მეტ უნივერსიტეტს, უმაღლეს სკოლას, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო კვლევით ცენტრს აერთიანებს მსოფლიო მასშტაბით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2008 წლიდან ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წევრია.