ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური პრესა ავრცელებს.
12 აგვისტოს, დილით, დაახლოებით 07:00 საათზე, ტარანტოს ცენტრში, ნაგვის ურნასთან ახალშობილი იპოვეს.
ტარანტოში მცხოვრებმა ქალმა ბავშვი მას შემდეგ შენიშნა და განგაში ატეხა, რაც მის მიერ სასეირნოდ გამოყვანილი ორიდან ერთ-ერთ პიტბულმა ჯერ მოუსვენრობა გამოამჟღავნა, შემდეგ კი შეჩერდა და ყეფა ატეხა.
ადგილზე დაუყოვნებლივ მისულმა მაშველებმა ნახეს ახალშობილი, რომელსაც ჭიპლარი ჯერ კიდევ ჰქონდა. იგი ზეწარში იყო გახვეული და გვერდით რბილი სათამაშო ედო. ბავშვი მაშინვე მოათავსეს ნეონატოლოგიურ განყოფილებაში. მთავარი ექიმის თქმით, ბავშვი სავარაუდოდ, 12 -24 საათის წინ დაიბადა.
ქალაქის მერმა რინალდო მელუჩიმ განაცხადა, რომ პატარა, რომელსაც სახელად ლორენცო დაარქვეს, კარგადაა და მასზე მთელი ქალაქი ზრუნავს. მისი თქმით, ტარანტოელებმა ანგარიში გახსნეს და სოლიდარობის შეჯიბრება წამოიწყეს.
Ansa-ს ცნობით, გუშინ პოლიციამ დაადგინა, რომ ქალი, რომელმაც ბავშვი ნაგვის ურნასთან დატოვა, საქართველოს მოქალაქეა. იგი გამოსაკვლევად და დახმარებისთვის ჯუზეპე მოსკატის საავადმყოფოში იყო მისული მივიდა. როგორც ჩანს, საავადმყოფოს შესასვლელში მყოფი დაცვის თანამშრომლები ქალმა დააეჭვა და ისინი პოლიციას დაუკავშირდნენ. 20 წლის ქალი ამჟამად სანტისიმა-ანუნციატას საავადმყოფოს გინეკოლოგიურ განყოფილებაშია გადაყვანილი. პრესის ცნობით, მას სამედიცინო დახმარება ესაჭიროება და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. იმავე საავადმყოფოშია ლორენცო.
პორტალ fanpage-ს ცნობით, თუ ქალი 10 დღის განმავლობაში არ ცნობს ბავშვს და უარს იტყვის მასზე, გაშვილების პროცედურა დაიწყება.