სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, კითხვაზე, "ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა 2025 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში?", 54.5% მიიჩნევს, რომ უნდა მიიღონ მონაწილეობა, 22.3% არ უნდა მიიღონ, 23.2% - არ ვიცი/უარი პასუხზე.
შედეგები ასე ნაწილდება:
კვლევის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მზაობა მოსახლეობაში/ამომრჩევლებში მაღალია. კვლევის მიხედვით, თუ პოლიტიკური პრეფერენციების ჭრილში შევხედავთ, ყველაზე მაღალი მზაობა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისთვის აქვთ ქართული ოცნების ამომრჩევლებს (60%), ხოლო ყველაზე დაბალი - კოალიცია ცვლილებებისთვის ამომრჩევლებს (33%).
კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობაში პოზიციები გაყოფილია: ერთი ნაწილი (36%) ემხრობა ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ხოლო მეორე ნაწილი (39%) - ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშეც.
კვლევიდან იკვეთება, რომ ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს (40%-მდე) უჭირს იმის განსაზღვრა, რა დიზაინით უნდა მიიღონ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თუმცა, მოწინააღმდეგეებთან შედარებით, უფრო მეტი მომხრე ჰყავს იმ ვარიანტს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთიანი სიით მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში.
რაც შეეხება პარტიულ რეიტინგებს, კითხვაზე, "ამ შაბათს რომ ადგილობრივი არჩევნები იმართებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას", შედეგები ასე გადანაწილდა, მთელი საქართველოს მასშტაბით (ალოკაციით):
ქართული ოცნება - 35.2%
კოალიცია ცვლილებისთვის - 16.9%
ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 14.6%
ძლიერი საქართველო - ლელო - 13.4%
გახარია საქართველოსთვის - 12.4%
კვლევის მეთოდოლოგია
კვლევა განახორციელა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC - თან თანამშრომლობით.
საველე სამუშაოები განხორციელდა 2025 წლის 5-20 მაისის შუალედში.
კვლევის ტიპი: რაოდენობრივი კვლევა
სამიზნე ჯგუფი: საქართველოს სრულწლოვანი (18+) მოსახლეობა
შერჩევით ერთობლიობა: 2000 რესპონდენტი
მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ
შერჩევა: ალბათური, კერძოდ კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით
შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით
მონაცემების შეწონვა მოხდა დემოგრაფიული ცვლადების (სქესი, ასაკი, განათლების დონე, რეგიონები, ქალაქი/სოფელი), აგრეთვე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით.
კვლევას "ფორმულა" ავრცელებს.