საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა. შეხვედრას საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე შოთა ტყეშელაშვილი, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე პროკურორთა კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ საპროკურორო საბჭოს არჩევნებზე ისაუბრეს, სადაც საქართველოს პროკურატურის პროკურორები და გამომძიებლები საბჭოს 5 ახალ წევრს ელექტრონული არჩევნების წესით პირველად აირჩევენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გენერალურ პროკურორს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების უპირატესობების შესახებ და მას პროცესთან დაკავშირებული ტექნიკური და პროცედურული საკითხები გააცნო.
გენერალურმა პროკურორმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ საპროკურორო საბჭოს არჩევნებზე ხმის დათვლის თანამედროვე, ელექტრონული სისტემის გამოყენება ხელს შეუწყობს როგორც ადამიანური რესურსისა და დროის დაზოგვას, ასევე შედეგების მიმართ სანდოობისა გამჭვირვალობის გაზრდას.
შეხვედრის დასასრულს მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც საარჩევნო პროცესებში ინოვაციებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით საქართველოს პროკურატურასა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის მჭიდრო კოორდინაციას ითვალისწინებს.