თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ხელაძემ,  ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს უპასუხა.

მისი თქმით, პრემიერის ანგარიშში კარგად ჩანს  სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციასა  და სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით მთავრობის პოზიცია.

„წინა ხელისუფლების პერიოდში დაახლოებით 120 სკოლა იყო რეაბილიტირებული/აშენებული, ჩვენი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში უკვე აშენდა და რეაბილიტირდა მთლიანობაში  450 სკოლა, ხოლო 850 სკოლის რეაბილიტაცია კვლავ მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის  გაუმართაობაზე იყო საუბარი და ამის საპასუხოდ მინდა ვთქვა, რომ ეს ციფრები  საწინააღმდეგოს ამტკიცებს”, -  აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

დღესვე საკრებულოს წევრმა სკოლებში ბავშვთა კვების პროგრამის დანერგვაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისმა,  როგორც ცალკეულმა სტრუქტურამ, არ  უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე და თუ ეს შესაძლებელი იქნება, ყველა მუნიციპალიტეტში ერთდროულად და სისტემურად უნდა მოხდეს აღნიშნული პროგრამის დანერგვა.

საკრებულოში გამართულ სხდომაზე ირაკლი ხელაძემ სატრანსპორტო რეფორმასთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ დედაქალაქში მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რეფორმა ხორციელდება და  ერთადერთი გზა ქალაქში შექმნილი სატრანსპორტო პრობლემების მოგვარების არის აღნიშნული  რეფორმის ბოლომდე მიყვანა.

„თუ კერძო ავტომობილებზე დამოკიდებულება არ შემცირდა, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ განვითარდა, ახალი გზები არ მოეწყო, საგზაო ინფრასტრუქტურა არ მოწესრიგდა, გამორიცხულია თბილისში არსებული  საცობების პრობლემა მოგვარდეს. რა თქმა უნდა, ქალაქში საცობების გამომწვევი პირველი მიზეზი მანქანების რაოდენობაა. როგორც დედაქალაქის მერმა  საკრებულოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, პიკის საათში  თბილისში 680 ათასი მანქანა გადაადგილდება. ეს ციფრი  ზეპირად არ უთქვამს,  ეს ყველაფერი ითვლება და აქედან გამომდინარე ხდება პოლიტიკის  განსაზღვრა და ყველა შესაძლო  გზის გამონახვა პრობლემების მოსაგვარებლად. დაველოდოთ და აუცილებლად ჩვენც, თბილისელებიც და ეს ქალაქიც საცობების თვალსაზრისით შვებას იგრძნობს“, -  აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.