"დღეს ერთი სამშენებლო კომპანიაც კი არ არსებობს, რომელიც ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს" - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ირაკლი გიორგობიანმა, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ერთ-ერთ შემოვლითი გზის ტენდერზე ქართულ კომპანიებს მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცათ, თუმცა, მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, სამი კომპანიის გაერთიანება გახდა საჭირო, რაც სექტორში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს.
გიორგობიანის განცხადებით, სამშენებლო სფეროს განსაკუთრებული მხარდაჭერა და განვითარება სჭირდება.
"როგორც მინისტრმა აღნიშნა ერთ-ერთ შემოვლითი გზის ტენდერზე განსაკუთრებულად მიეცათ ქართულ კომპანიებს [მონაწილეობის] საშუალება, თუმცა ეს კარგი დიაგნოზის საშუალებას გვაძლევს, რომ, ფაქტობრივად, სამი კომპანია გაერთიანდა იმისთვის, რომ დაეკმაყოფილებინათ ტენდერის საკვალიფიკაციო მოთხოვნები. ეს პირველი შემთხვევა არის.
აქ შეფასების კრიტერიუმში ერთ-ერთი არის მათ შორის ბრუნვის ნაწილი, თუ რამდენი საშუალო ბრუნვა ჰქონდა კომპანიას. მაგ ნაწილში მნიშვნელოვნად დაიწია მოთხოვნა, რამაც მისცა საშუალება კონსორციუმს, დაეკმაყოფილებინა ეს მოთხოვნა. ამით იმის თქმა მინდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 30 წლის განმავლობაში არაერთი მილიარდი დაიხარჯება ამ სექტორში, სამწუხაროდ, არ არსებობს დღეს ერთი სამშენებლო კომპანია თუნდაც, რომელიც ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ეს ცალსახად მიგვითითებს იმისკენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ამ სექტორს. ეს სექტორი არის, ციფრებში რომ ვისაუბროთ, დაახლოებით 16 მილიარდი ლარი, საიდანაც დაახლოებით ნახევარს ქმნის სახელმწიფო ბიუჯეტი, ნახევარს კერძო სექტორი", - აცხადებს გიორგობიანი.




