თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ინიციატივით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და დარგის ექსპერტებთან „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის განხილვა გაიმართა. დახურული ფორმატის შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ შეხვედრის მონაწილეებს კოდექსით შემოთავაზებული ცვლილებები გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა.

 შეხვედრის დასრულების შემდეგ, კოდექსის მომზადების პროცესზე და ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მნიშვნელობაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა შეფასებები გააკეთეს.

 „თავდაცვის სფეროში ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვის და უსაფრთხოების საჭიროებებს უპასუხებს. კოდექსით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება შემოდის, როგორიც არის თავდაცვის ძალების მართვის დონეები, წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გაწვევის ახლებური მიდგომები, სამხედრო მოსამსახურეების სოციალური გარანტიები და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ჩვენი თავდაცვის საფუძვლების სამართლებრივ თავსებადობას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან კიდევ უფრო გაზრდის და გააუმჯობესებს“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ. მისივე თმით, კოდექსის შემუშავება ინკლუზიურად წარიმართა, რომლის მომზადებაში თავდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიური მონაწილეობა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა, ექსპერტებმა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის იურიდიულმა ჯგუფის წარმომადგენლებმა მიიღეს.

 

„სამუშაო შეხვედრის ფორმატში მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივას გავეცანით. წარმოდგენილი დოკუმენტით საკმაოდ მოცულობითი საკანონმდებლო აქტების გაერთიანება ხდება ერთ კოდექსში. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტის მომზადებაში აქტიურად იყვნენ ჩართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ბევრი მათი მოსაზრების და წინადადების გაზიარება მოხდა. უნდა აღინიშნოს, რომ უახლოეს პერიოდში ქვეყანას ექნება ახალი თავდაცვის კოდექსი, რომელიც თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების კუთხით ბევრ მიმართულებას დაარეგულირებს“, - აღნიშნა მოწვეულმა ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ.

 

არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაციის - „სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში“ წარმომადგენლის, შორენა ლორთქიფანიძის შეფასებით, „თავდაცვის კოდექსის“ მომზადება რამდენიმეწლიანი შრომის შედეგია. „არის რამდენიმე საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ დაზუსტების პროცესშია და რაზეც მუშაობა უკვე საკომიტეტო განხილვების დროს გაგრძელდება. ჩემთვის მნიშვნელოვანი სიახლეა წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გავლის ახალი წესი, რომლის მიხედვითაც თავდაცვის სამინისტრო ხდება წვევამდელთა მიმღები უწყება, რაც თავდაცვის სისტემის გაუმჯობესების და რეფორმირების კუთხით წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს. ცალკე უნდა აღინიშნოს კოდექსზე მუშაობის პროცესი, რომელიც ინკლუზიურად, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით წარიმართა“, - განაცხადა შორენა ლორთქიფანიძემ.

 „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის საკომიტეტო განხილვები მომავალი კვირიდან დაიწყება.