ანკარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის 3 კომიტეტის (უსაფრთხოებისა და დაზვერვის, ეროვნული თავდაცვის და შინაგან საქმეთა კომიტეტების) თავმჯდომარეებთან და წევრებთან. ქართველი პარლამენტარები ასევე შეხვდნენ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში თურქეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს და თურქეთის საკანონმდებლო ორგანოში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს.
როგორც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, დეპუტატებს ჰქონდათ შინაარსობრივი და პროდუქტიული შეხვედრები.
“ვისაუბრეთ რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, იმ საფრთხეებზე რაც ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებს ემუქრება, ასევე საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ განმტკიცებაზე, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
აღნიშნული განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს რეგიონული უსაფრთხოების გარემოს გაუარესების ფონზე, როდესაც საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სატრანსპორტო/ენერგეტიკული პროექტების წარმატებული იმპლემენტაციისთვის, რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის… და, რაც მთავარია შავი ზღვის რეგიონის და ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი უსაფრთხოებისთვის.
თურქეთში საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი და გულშემატკივარი. თურქეთი ურყევია თავის მხარდაჭერაში საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მიმართ.
ამ ვიზიტის ორგანიზებისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ გიორგი ჯანჯღვას, ჩვენს დიპლომატებს ვისი ძალისხმევითაც ასეთ მოკლე პერიოდში და შემჭიდროვებულ ვადებში შესაძლებელი გახდა შინაარსობრივი და ნაყოფიერი ვიზიტის ორგანიზება,” - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები - ალექსანდრე ტაბატაძე და ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე კომიტეტის წევრები ჰერმან საბო და ალექსანდრე ელისაშვილი.