პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებმა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წლიური ანგარიში მოისმინეს.  სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის მიერ წარდგენილი ინფორმაცია, 2022 წლის განმავლობაში საქმიანობის ისეთ მიმართულებებს მოიცავდა როგორიც არის: დასაცავი პირების და ობიექტების უსაფრთხოების ზომები, საქართველოში სტუმრად მყოფი მაღალი რანგის სტუმრების დაცვითი ღონისძიებები,  სამსახურის ტექნოლოგიური და ინსტიტუციური განვითარების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით გადადგმული ნაბიჯები. 

ნდობის ჯგუფის წევრები  უწყების მიერ საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში გადადგმულ ნაბიჯებს და სამომავლო გეგმებსაც გაეცნენ.

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არის კარგად მომზადებული და აღჭურვილი უწყება,  დაცვითი ღონისძიებების სრული სპექტრით, მათ შორის პირადი დაცვით, ესკორტირების, სპეცდანიშნულების, ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური შესაძლებლობებით, ასევე სასწავლო ცენტრით. სამსახური დაცვითი ღონისძიებებისთვის ყველა საჭიროებას სრულად უპასუხებს.  2022 წლის შემოდგომიდან სამსახური არის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრი უწყება და აქტიურად მონაწილეობს უწყებათშორის კოორდინაციაში და ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 

2022 წელს, სდსს-მ, თბილისში, პირადი დაცვის სამსახურების საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციას უმასპინძლა, რაც ნათლად მეტყველებს სამსახურის მიღწევებსა და მის საერთაშორისო რეპუტაციაზე. ჩვენ, კანონმდებლები ვზრუნავთ და ყოველთვის ვიზრუნებთ არა მხოლოდ იმაზე, რომ სამსახურზე  ეფექტიანი ზედამხედველობა განხორციელდეს, არამედ  უწყებას  საჭირო და სათანადო მხარდაჭერა ჰქონდეს”, - განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერაიამ.

 

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანგარიშს ნდობის ჯგუფის წევრები - თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი დაესწრნენ.