საჯაროდ არაერთხელ განვაცხადე, რომ ISSA ატარებდა საზოგადოებრივი აზრის ახალ გამოკითხვას საქართველოს მოსახლეობაში, 2000 რესპონდენტზე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით (დონორი: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი). საველე სამუშაოები დასრულდა ორი დღის წინ, 30 ივნისს. - ამის შესახებ სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ხელმძრავენელი იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პრეზენტაციამდე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გთავაზობთ გამოკითხვის ერთ-ერთ ყველაზე „ცხელ“ შედეგს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით.
საქართველოს მოსახლეობაში უფრო მეტია იმათი წილი (45.5%), ვინც იზიარებს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა უპირობოდ უნდა მიიღონ.
თუმცა, საქართველოს მოსახლეობაში შედიან თბილისელებიც, არათბილისელებიც, ქალაქელებიც და სოფლელებიც, ოპოზიციური და ქ/ოცნების ამომრჩევლებიც და ა.შ. ამდენად, ჭრილებია საინტერესო.
დართულ დიაგრამაზე თავად ნახავთ დეტალურ მონაცემებს. თუმცა, მაინც ვიტყვი, რომ პროევროპული ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებში: ა) წამყვანია ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტოს იდეა (43.3%), ბ) ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას ვადამდელ საპარლამენეტი არჩევნებთან ერთად ემხრობა 26.2%, ხოლო გ) ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის უპირობო მონაწილეობას მხარს უჭერს 20.5%.
აქვე, საინტერესოა, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას, ყოველგვარი დათქმის გარეშე, გამორჩეულად უჭერენ მხარს ქ/ოცნების ამომრჩევლები (70.4%)" - წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.