გიორგი აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში დარეგისტრირებულ პირთა სამედიცინო შემოწმება გრძელდება.
გიორგი აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8-თვიანი ვადით საკუთარი სურვილით დარეგისტრირებულ პირთა სამედიცინო შემოწმება გრძელდება. ამ ეტაპზე, შემოწმება შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრებმა პირებმა გაიარეს.
წვევამდელების ნაწილი ეროვნულ სამხედრო სამსახურში ვებ-გვერდის საშუალებით დარეგისტრირდა, ნაწილმა კი, ადგილობრივ სამხედრო განყოფილებებს საკუთარი სურვილით მიმართა.
სამედიცინო კომისიის გავლის შემდეგ სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები პირები 8-კვირიან საწყის საბრძოლო მომზადებას გაივლიან, სამხედრო ფიცს დადებენ და საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამ დღეში ერთხელ იმსახურებენ და მათი დარიცხული ანაზღაურება თვეში 635 ლარი იქნება. ისინი ხელფასზე დამატებით 30%-იან დანამატს მიიღებენ, რადგან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირდნენ.
თავდაცვის ახალი კოდექსით სავალდებულო სამხედრო სამსახური სრულიად განახლდა და 2025 წლის 1 იანვრიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურით შეიცვალა, რომლის გავლაც მხოლოდ თავდაცვის ძალებშია შესაძლებელი. შესაბამისად, თავდაცვის ძალებში შეიქმნა სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო, რომელიც 8 რეგიონული ცენტრისა და 81 მუნიციპალური განყოფილების მეშვეობით, თავდაცვის ძალების რეგულარული და სარეზერვო სამხედრო სამსახურების შესაბამისი პერსონალით დაკომპლექტებისათვის საჭირო აღრიცხვიანობას, რეკრუტირებას და გაწვევის ღონისძიებებს ახორციელებს.