საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის ჰუაი ძინფენგის მოწვევით, მონაწილეობს ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციაში, რომელიც პეკინში იმართება.

მინისტრმა კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოს განათლების სისტემის რეფორმაზე, დანერგილ სიახლეებსა და ჩინური ენის სწავლების ხელშეწყობაზე ისაუბრა.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, განათლების სისტემის განვითარების კუთხით საქართველოსთვის საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისი თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის მეგობრული ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება, რაც დადებითად აისახება საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებზე.

,,საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენ არაერთ ერთობლივ პროექტს განვახორციელებთ განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების მიმართულებით. 

კონფერენცია მოსაზრებებისა და იდეების გაზიარების კარგ შესაძლებლობას ქმნის, რაც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი, ასევე, მონაწილე ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემების გაუმჯობესებისთვის”, - განაცხადა გივი მიქანაძემ საუბრისას.

კონფერენცია 14-16 ნოემბერს იმართება და მის ერთ-ერთ მთავარ თემას ინოვაციებისა და ხელოვნური ინტელექტის საგანმანათლებლო სფეროში ინტეგრაცია წარმოადგენს. ღონისძიების მიზანია საერთაშორისო საგანმანათლებლო-კულტურული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაფართოება.

ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ქარუმიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე.

კონფერენციაში მონაწილეობენ განათლების მინისტრები, საგანმანათლებლო სფეროს ლიდერები და უნივერსიტეტების, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესის წარმომადგენლები 160 ქვეყნიდან.