თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და ვაკის რაიონის მაჟორიტარი გიორგი ტყემალაძე საქართველოს პარლამენტის წევრთან, ვაკის მაჟორიტარ დეპუტატთან ნოდარ ტურძელაძესთან და ვაკის რაიონის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან ერთად, ვაჟა-ფშაველას VI კვარტალის N1-1ა კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე ვაკის რაიონის გამგეობას დაწყებული აქვს სკვერის მოწყობის სამუშაოები. რეაბილიტაციის შემდეგ აქ მართლაც ძალიან მოწესრიგებული და მიმზიდველი სივრცე იქნება ბავშვებისა და უფროსებისთვის, სპორტული ცხოვრების მოყვარულთათვის კი მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო კუთხე და კალათბურთის მინი მოედანი მოეწყობა“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ახალ სკვერში განთავსდება საპარკო ავეჯი, მოეწყობა საბავშვო-გასართობი ზონა, განახლდება განათებისა და სარწყავი ქსელები. სამუშაო პროცესის დასკვნით ეტაპზე სივრცე გამწვანდება, დაირგვება 51 ხე და 107 ბუჩქი.
დასავენებელი სივრცის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 521 613 ლარს შეადგენს. აღნიშნულ სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით კომპანია „ქუალითი“ აწარმოებს.