თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ახვლედიანმა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. გიორგი ტყემალაძემ და გიორგი ახვლედიანმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 2008 წელს რუსეთის აგრესიას შეწირულმა გმირებმა ქვეყნის თავისუფლებისთვის საკუთარი სიცოცხლე უპირობოდ დათმეს.

„აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. დღეს პატივს მივაგებთ ბრძოლაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლების ნათელ ხსოვნას, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას. დღემდე რუსეთის მიერ  ოკუპირებულია ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი. აგვისტოს ტრაგიკულ დღეებს ჩვენს მებრძოლებთან ერთად მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ქედს ვიხრით სამშობლოსათვის დაღუპული ჩვენი გმირების წინაშე,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.