„პროექტებს, რომლებიც დედაქალაქში განხორციელდება, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, - მოგეხსენებათ, დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს უმრავლესობისათვის ურბანული პოლიტიკა მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მიღებულია გენერალური გეგმა - დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც გაიცემა ნებისმიერი დოკუმენტი, ყველა სამშენებლო ნებართვა.“
გიორგი ტყემალაძის განცხადებით, მერიის მიერ დასახული პრიორიტეტების შესრულება თანმიმდევრულად მიმდინარეობს. დეგრადირებული სამრეწველო ფუნქციის მქონე ტერიტორიები და არეალები განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით განვითარდება, რაც მათთვის ახალი ფუნქციისა და დატვირთვის შეძენას გულისხმობს.
მისი თქმით, თბილისთან დაკავშირებული თითოეული გადაწყვეტილების მიღებისას, ყოველთვის მაქსიმალურად არის გათვალისწინებული დედაქალაქის ინტერესები და ეს პროცესი ჩვენი თანამოქალაქეების ჩართულობის პირობებში ხორციელდება. ახლაც მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს, რომ დედაქალაქის განვითარება გენერალური გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
რაც შეეხება ოპოზიციის მიერ ბოლო პერიოდში წარმოებულ კამპანიას დედაქალაქში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით, გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ოპოზიცია დედაქალაქის განვითარების საწინააღმდეგო კამპანიით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
„ანალოგიურ განაშენიანების გეგმასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები მაშინ აქტიურდებიან, როდესაც მათთვის მესაკუთრეა პოლიტიკურად საინტერესო. ეს კამპანია კი ერთმნიშვნელოვნად აჩვენებს, რომ მათ ჩვენი თანამოქალაქეების შეცდომაში შეყვანა სურთ“, - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.
„აღნიშნული პროექტები ნიშნავს ინვესტიციებისა და კაპიტალის შექმნას, რაც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ჯაჭვი, რომელიც ძალიან ბევრ ოჯახთან მიდის, - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ, - დარწმუნებული ვარ, წინა ხელისუფლების პერიოდში რომ მსგავსი პროექტები ყოფილიყო, ამასთან დაკავშირებით სახალხო ზეიმს მოაწყობდნენ. რეალურად მათ ხომ ძალიან კარგად ესმით, თუ როგორი მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ქვეყნისათვის. სწორედ ის გარემოება, რომ ჩვენი ქვეყანა სწორად ვითარდება, სამწუხაროდ, მათთვის - პრობლემაა.“