განუზომელია ის ტკივილი და დანაკლისი, რომელსაც დღეს მთელი საქართველო განიცდის. მარადისობაში გადავიდა ეპოქალური მნიშვნელობის ფიგურა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რომლის სახელიც განუყოფელია ჩვენი ერის სულიერი აღორძინებისა და სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობისგან, - წერს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
მისივე თქმით, პატრიარქი ყოველთვის იყო აფხაზეთის გულშემატკივარი.
"მის უწმინდესობას უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარების საქმეში, რითაც მან ჩვენს ქვეყანას დაუბრუნა მისი კუთვნილი, საპატიო ადგილი მსოფლიო მართლმადიდებელ სამყაროში.
განსაკუთრებულია მისი ღვაწლი აფხაზეთის მიმართ. პატრიარქი ყოველთვის იყო ჩვენი კუთხის დიდი გულშემატკივარი. სწორედ მან დააწესა „აფხაზეთობის“ დღესასწაული, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართველთა და აფხაზთა განუყოფელ სულიერ და ისტორიულ ერთობას. მისი მოღვაწეობა აფხაზეთში, როგორც ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, დარჩება იმედისა და სიყვარულის სიმბოლოდ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ათბობდა დევნილთა და აფხაზეთში მცხოვრებთა გულებს.
ამ უმძიმეს წუთებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, ვუერთდები სრულიად საქართველოს გლოვას. დარწმუნებული ვარ, მისი ლოცვა და კურთხევა კვლავაც იქნება ჩვენი ერის მფარველი მშვიდობისა და ქვეყნის გამთლიანების გზაზე.
უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი მის ნათელ სულს!“ - წერს გიორგი ჯინჭარაძე.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა.











