საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ვატიკანის სამოციქულო დესპანთან, ჟოზე აველინო ბეტანიკურთან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით მიმდინარე ერთობლივი პროექტები და თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილა.

გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა ჟოზე აველინო ბეტანიკურს მრავალწლიანი პარტნიორობისთვის და განათლების სისტემაში განხორციელებული არაერთი მასშტაბური პროექტის მხარდაჭერისთვის.

მინისტრმა სამოციქულო დესპანს  განათლების სფეროში დაგეგმილი სიახლეები და საკუთარი ხედვები გააცნო. გიორგი ამილახვარმა განსაკუთრებით გამოყო მეცნიერთა და მკვლევართა მხარდაჭერის კუთხით ვატიკანთან არსებული თანამშრომლობა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სფეროებში, კერძოდ, ქრისტიანული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის საქმეში მხარეებს შორის კავშირების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ გასულ კვირას შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული მკვლევართა ჯგუფი იმყოფებოდა ვატიკანში, სადაც „Propaganda Fide“-ს საისტორიო არქივში დაცულ ქართულ და საქართველოსთან დაკავშირებულ ჯერ კიდევ შეუსწავლელ წყაროებზე  დაიწყებს მუშაობას. აღნიშნული საარქივო მასალა უცნობია სამეცნიერო საზოგადოებისთვის, შესაბამისად, მათი აღნუსხვა და სისტემატიზაცია ხელს შეუწყობს ახალი კვლევების განხორციელებასა და ახალი ცოდნის შექმნას.

თავის მხრივ, ჟოზე აველინო ბეტანიკურმა ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების გაფართოებისა და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა გამოხატა და აღნიშნა, რომ ვატიკანის საელჩო ამ მიმართულებით, სამინისტროსთან აქტიურად ითანამშრომლებს.