თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო მონაწილეობა.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.
გიორგი ამილახვარი: „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს გილოცავთ უნივერსიტეტის დასრულებასა და ცხოვრების ახალ, გამოწვევებით სავსე საინტერესო ეტაპზე გადასვლას.
სწორედ თქვენ, ახალგაზრდები ქმნით ჩვენი ქვეყნისა და მედიცინის მომავალს. დღეს უკვე საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები გქვიათ, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. დარწმუნებული ვარ, რომ ინტერესითა და ენთუზიაზმით მოეკიდებით გამოწვევებს, მომავალშიც გააგრძელებთ მიღებული ცოდნის გაღრმავებას და თქვენი პროფესიონალიზმით არაერთხელ ასახელებთ ჩვენს ქვეყანას.
კიდევ ერთხელ, გულწრფელად გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს. მადლობას ვუხდი თქვენი ოჯახის წევრებს და, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს სტუდენტობის გზაზე თქვენი მხარდაჭერისთვისა და ხელშეწყობისთვის“.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრების წინაშე მისასალმებელი სიტყვით ასევე წარდგნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილი და სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანები.
წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ჯამში 1100-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. მათ შორის არიან – მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტების, საექთნო საქმისა და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი უკვე 100 წელზე მეტია ემსახურება საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და მედიცინის მეცნიერებების განვითარების საქმეს. ამ ეტაპზე უნივერსიტეტი მსურველებს სთავაზობს დიპლომამდელ (ერთსაფეხურიან, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო), დიპლომის შემდგომ და უწყვეტი პროფესიული განვითარების, სამედიცინო და პედაგოგიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების მრავალფეროვან არჩევანს.