საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მასწავლებლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელშიც 200-ზე მეტმა პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა.

ამჟამად, მინისტრმა თბილისში არსებული სკოლების პედაგოგებთან განიხილა სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები, პედაგოგების ახალი სახელფასო პოლიტიკა, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტის შემუშავება, ეროვნული სასწავლო გეგმა, საგნობრივი სტანდარტების განახლება, სახელმძღვანელოების გადახედვა და სხვა.

შეხვედრაზე მასწავლებლებს მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვის დასმის და მინისტრთან დისკუსიის გამართვის შესაძლებლობა მიეცათ.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ამილახვარის ინიციატივით მასწავლებლებთან შეხვედრები ეტაპობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, რათა პედაგოგთა წინაშე არსებულ პრობლემებზე მოხდეს დროული რეაგირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა.