საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მადლობა გადაუხადა ათასწლეულის ფონდსა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში STEM განათლების განვითარების ხელშეწყობისთვის და ფინალისტი გუნდების წარმომადგენლებს მიღწეული წარმატება მიულოცა.
გიორგი ამილახვარი: „მოხარული ვარ, რომ მომეცა შეძლებლობა, გავცნობოდი ჩვენი მოსწავლეების მიეც შექმნილ უნიკალურ გამოგონებებს.
დღეს აქ ნამდვილად არის ნიჭის, შრომისა და მონდომების ზეიმი. თითოეულ გამარჯვებულ გუნდს, მის წევრებს მინდა, მთელი გულით მივულოცო მიღწეული წარმატება.
მსურს, მადლობა ვუთხრა ამერიკის საელჩოს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მადლობა ათასწლეულის გამოწვევის ფონდს და პირადად მაგდა მაღრაძეს, საქართველოში STEM განათლების განვითარების ხელშეწყობისთვის.
მადლობას ასევე ვუხდი ყველა პარტნიორ ორგანიზაციას იმისთვის, რომ მხარს უჭერენ ამ უმნიშვნელოვანეს კონკურსს, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, ახალგაზრდებში ინოვაციური იდეების განხორციელების წახალისებასა და STEM დარგების პოპულარიზაციას.
თანამედროვე ციფრულ და სწრაფად განვითარებად სამყაროში STEM განათლებას, მის განვითარებას მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს და ყოველთვის ხელს შეუწყობს საქართველოში ამ დარგის განვითარებას. მიგვაჩნია, რომ სწორედ STEM განათლება ხდება დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომელსაც მომავალში დაეფუძნება გლობალური ეკონომიკა. ყოველთვის მივესალმებით ასეთი წამახალისებელი კონკურსების ჩატარებას და ბუნებრივია, ჩვენ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას, ინვესტიციას და დროს დავუთმობთ STEM განათლებას საქართველოში“.
2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მთავარი გამარჯვებული გუნდი “TerraTech“ გახდა. თბილისის, ბათუმის, ზუგდიდისა და სენაკის სკოლების ხუთი მოსწავლისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა შექმნა მაღალ-ტექნოლოგიური ჭკვიანი უნიფორმა და მაღაროელი რობოტი, რომელიც მაღაროელებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს. გამარჯვებული გუნდის წევრები, აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, 2024 წლის ზაფხულში გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში ჩაერთვებიან.
მეორე ადგილზე გუნდი „FSTF (From Seeable To Feelable)“ გავიდა. გუნდის წევრებმა, რომლებიც თბილისის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან, შექმნეს პორტატული მოწყობილობა, რომელიც რეალურ დროში ნაბეჭდ ტექსტებს ბრაილის შრიფტში თარგმნის, რითაც ტექსტები უფრო ხელმისაწვდომია უსინათლოთათვის. მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრები, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით, აშშ-ში სტენფორდის უნივერსიტეტის iD Tech ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას.
მესამე ადგილზე გასულმა გუნდმა – „Optical Visionaries”, რომელიც შედგება თბილისის და ბათუმის სკოლების მოსწავლეებისგან, შექმნა რობოტი ოფთალმოლოგი. მოწყობილობა მოიცავს მინი სადიაგნოსტიკო მობილურ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს როგორც პერიმეტრიის, ასევე მხედველობის სიმახვილის დადგენას. გუნდის წევრებს „ლიბერთი ბანკი“ სასწავლო ვიზიტით ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, შვეიცარიაში, გაუშვებს.
გარდა ამისა, კომპანია EPAM-ის რჩეული გახდა გუნდი – „Halove” და მისი წევრები, სასწავლო ვიზიტით EPAM ლიეტუვას ესტუმრებიან.
საპრიზო ადგილზე გასული გუნდების გარდა, ფინალურ ეტაპზე გასული გუნდები დაასაჩუქრეს კონკურსის პარტნიორმა ორგანიზაციებმა, როგორებიცაა: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, საქპატენტი, ჯეოლაბი, აკადემია „ლეტერატო“ და კომპანია allmarket.ge.
წელს კონკურსს 12 ფინალისტი გუნდი ჰყავდა თბილისის, ქუთაისის, სენაკის, ბათუმის, ზუგდიდის, ახმეტის და მცხეთის სკოლებიდან, რომლებმაც პროექტები კოსმოსისა და ავიაციის, რობოტექნიკის, მობილური ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, ენერგეტიკის თუ ტრანსპორტის დარგებში განავითარეს.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ათასწლეულის ფონდი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, ახორციელებს. კონკურსი წელს უკვე მეცხრედ ჩატარდა და ის მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას და დაინტერესების გაზრდას საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგების მიმართ. კონკურსში დღეისათვის 3 000-მდე მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.