მარიო პიუზოს "ნათლიაში" უკვე ხანდაზმული დონი (მაფიური ოჯახის თავი) მაიკლ კორლეონე ამბობს: "პატიოსნება სახიფათო საქმეა".
რაც უნდა სახიფათო იყოს (ძველთაგანვე, ასევე, ცნობილია, რომ "მართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდეს" ), ისიც დიდი ხანია ნათელია, რომ წესიერი, კანონიერი, სამართლიანი და ღირსეული სამყარო პატიოსან ადამიანთა ქცევის წესს ეფუძნება. - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.


მაიკლ კორლეონე ამას რომ ამბობდა, ვინმეს კი არ ემუქრებოდა (სხვა შემთხვევათაგან განსხვავებით), უბრალოდ, ფაქტს აღნიშნავდა - წესიერება, სამწუხაროდ, ამქვეყნად ხშირად დასჯადია.
ამის მიუხედავად, ყველა პატიოსნებას იჩემებს და არა მამაძაღლობას (თუმცა ის, ანუ მამაძაღლობა, უკეთურობა, უკვე საუკუნეებია, "წარმატებისთვის" ძალიან სასარგებლო და მომგებიანია).
ყოველი დღე არჩევანია - ვინ გინდა იყო.
2023 წლის 27 მაისიც ასეთია და ის უკვე გათენდა.
მაიკლ კორლეონე ჩვენგან პასუხს არ ელის - მან იცის, რომ მართალია, თანაც ლიტერატურული პერსონაჟია და უკვე მოკვდა კიდეც.
ეს პასუხი საკუთარ თავს უნდა გავცეთ, სანამ ცოცხლები ვართ. - წერს გია მურღულია.