თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდა.-
თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას ტრადიციულად წელსაც უერთდება.
თბილისის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, ქალთა უფლებების დაცვა საზოგადოების კონსოლიდაციას და აქტიურ კამპანიას საჭიროებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის დასასრულებლად.
მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან და თბილისის კრიზისულ ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში საჯარო და კერძო უწყებების ჩართულობით არაერთი აქტივობა დაგეგმა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მასშტაბით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანია 1991 წლიდან 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ყოველწლიურად აღინიშნება და მისი მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.