შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება აღნიშნა. 

 პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა, საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თბილისის მერმა - პოლიციელებს სიტყვით მიმართეს, მათ პროფესიული დღე მიულოცეს და საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ასევე, მართლწესრიგის დაცვაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

მიხეილ ყაველაშვილმა და გელა გელაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი განსაკუთრებული თავდადებისა და მამაცობისთვის დააჯილდოვეს.

საქართველოს პრეზიდენტმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ვახტანგ გომელაურს სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი გადასცა.

ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელთა ხსოვნას.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მიმართვაში აღნიშნა, რომ დღეს განსაკუთრებული დღეა – დღე, რომელიც ეკუთვნით პოლიციელებს - იმ ადამიანებს, ვინც დაუღალავად იცავენ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და წესრიგს ქვეყანაში.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ პირველად მოგმართავთ, როგორც ამ უმნიშვნელოვანესი უწყების ხელმძღვანელი. მინდა გამოვხატო გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება თქვენდამი. თქვენ 24 საათიან რეჟიმში, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, დგახართ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების სადარაჯოზე, იცავთ ქვეყნის საზღვრებს და თავდაუზოგავად ებრძვით დანაშაულს.

სწორედ თქვენ ქმნით უსაფრთხო მომავალს, სადაც ჩვენმა შვილებმა, მშობლებმა და ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ მშვიდ, სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში უნდა იცხოვრონ“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პოლიციელის ფორმა - ეს არ არის მხოლოდ სამოსი. ეს ნიშნავს - ატარო ღირსება. ეს არის ფიცი - არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. ეს არის შინაგანი მოწოდება, რომელიც მოითხოვს სიმამაცეს, თავდადებასა და მზაობას, ერთგულად ემსახურო ქვეყანას.

„საამაყოა, რომ თქვენ ამ რთულ გზას ღირსეულად გადიხართ, ყოველთვის ხართ იქ, სადაც ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებით. თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც საფრთხეს უპირისპირდება თავდაჯერებით, სიმამაცითა და უმაღლესი პროფესიონალიზმით. მადლობას გიხდით თქვენი თავდადებისთვის! მადლობა თქვენს ოჯახებს, მშობლებს, მეუღლეებს, თქვენს შვილებს, ვისთვისაც ყველაზე ძვირფასია თქვენთან ერთად გატარებული დრო, რომელსაც ხშირად თმობენ იმისთვის, რომ თქვენ ქვეყნის სამსახურში ყოფნა შეძლოთ. ძვირფასო პოლიციელებო, მინდა დაგარწმუნოთ, რომ სახელმწიფო და საზოგადოება აფასებს თქვენს შრომასა და ძალისხმევას. ჩვენ ვხედავთ და ვიცით, რომ ყოველდღიური გამოწვევებისა და ფიზიკური თუ მორალური წნეხის მიუხედავად, ურყევად დგახართ უსაფრთხოების სადარაჯოზე და ფარად უდგახართ ჩვენი სამშობლოს მომავალს“, -განაცხადა გელა გელაძემ.

გელა გელაძემ პოლიციის მუდმივი მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, მმართველ გუნდს.

სიტყვით გამოსვლისას გელა გელაძემ განაცხადა, რომ მისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა.

ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ყოველთვის იქნება თითოეული პოლიციელის დამცველი.

„ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვუხელმძღვანელო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - მით უფრო, ისეთი ღირსეული პროფესიონალის შემდეგ, როგორიც ბატონი ვახტანგ გომელაური გახლავთ.

გპირდებით - როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი და როგორც პოლიციელი - ყოველთვის ვიქნები თითოეული პოლიციელის ღირსებისა და პატივის დამცველი!

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და ამაყი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვმსახურობ! გისურვებთ სიმტკიცეს, ჯანმრთელობას, მხნეობას და ძალას - იმისათვის, რომ ხვალინდელი დღე კიდევ უფრო უსაფრთხო და ძლიერი იყოს“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.