ამის შესახებ რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.
ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეგიონის მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების სპეციალური წესების შესახებ.
მათ შეეძლებათ განაცხადის შეტანა გამარტივებული პროცედურის გამოყენებით.
„დგინდება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებმაც მიაღწიეს 18 წლის ასაკს, არიან ქმედითუნარიანები და ცხოვრობენ დნესტრისპირეთში ამ ბრძანებულების ძალაში შესვლის თარიღისთვის, უფლება აქვთ“ მოქალაქება ითხოვონ რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად არსებული ფედერალური კანონის გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის გარეშე, - ნათქვამია დოკუმენტში.
გარდა ამისა, ახალი დებულებების თანახმად, დნესტრისპირეთში მუდმივად მცხოვრებ ობლებს და მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილ ბავშვებს, ასევე ქმედითუუნარო პირებს უფლება აქვთ მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა სპეციალური პროცედურის შესაბამისად. მათზე შეიძლება პასპორტი გაეცეს კანონით დადგენილი ყველა ან ზოგიერთი მოთხოვნის დაკმაყოფილების გარეშე.
ამ შემთხვევებში, ობლებისა და ქმედუუნარო პირებისთვის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განაცხადების წარდგენა შეუძლიათ მათ მეურვეებს ან რწმუნებულებს, ასევე შესაბამისი ორგანიზაციების (მაგ., საგანმანათლებლო, სამედიცინო ან სოციალური მომსახურების მიმწოდებლების) ხელმძღვანელებს ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების ხელმძღვანელებს.
დნესტრისპირეთი მოლდოვასგან გამოყოფას საბჭოთა კავშირის დაშლამდე შეეცადა, 1992 წელს მოლდოვის ცენტრალურ ხელისუფლებასა და რეგიონის პრორუსულ ხელისუფლებას მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ კი, დნესტრისპირეთი ფაქტობრივად მოლდოვის კონტროლს მიღმაა.




