საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ ყოფნისას უკანონოდ შეიძინა და ინახავდა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპულ ნივთიერება ,,პრეგაბალინს“, რაც საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ბათუმის აეროპორტის“ გამოვლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედების შედეგად 30,989 გრამის ოდენობის, 155 აბი ,,პრეგაბალინი“ ამოიღეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა, შენახვა) და 263-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა."










