გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის  (FAO) მხარდაჭერით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული “საქართველოს აკვაკულტურის მდგრადი განვითარების 2024-2028 წლების სტრატეგია” დამტკიცდა. 

აღნიშნული დოკუმენტი შემუშავდა ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტებისა და   დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით. არაერთ აქტივობასთან ერთად, შეიქმნა შეფასებითი ანგარიშები, მიმოხილვები და კვლევები, რომ აკვაკულტურის კომპლექსური სექტორისთვის მდგრადი და მოქმედი სტრატეგია განვითარებულიყო.

მიზანი

დამტკიცებული დოკუმენტი აანალიზებს ქვეყნის აკვაკულტურის სექტორის ძლიერ მხარეებს, გამოწვევებს, და პოტენციალს. სტრატეგიის მთავარ მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი და საერთაშორისო საბაზრო პოტენციალის გათვალისწინებით, “წარმოების იმ სახით გაზრდა, რომ სულ მცირე, დაკმაყოფილდეს ადგილობრივი მოთხოვნა და ამჟამინდელი წლიური წარმოება გაიზარდოს მინიმუმ ხუთჯერ” (საქართველოს აკვაკულტურის მდგრადი განვითარების 2024-2028 წლების სტრატეგია, 2024). აკვაკულტურის განვითარების ეროვნული სტრატეგიის მიზანი, მისია და ხედვა ასევე ეფუძნება გაეროს გლობალურ მიზნებს, ევროკავშირის სტრატეგიულ დოკუმენტებსა და მწვანე შეთანხმების ფარგლებში გამოკვეთილ ხედვას. შესაბამისად, აღნიშნული ინდუსტრიის გაუმჯობესების გზა სურსათის უვნებლობის, ეკოლოგიური, სოციალური, და ეკონომიკური მდგრადობის საერთაშორისო პრინციპების მიხედვითაა შედგენილი.

დაინტერესებული მხარეები

აკვაკულტურის ინდუსტრიის განვითარება სარგებელს მოუტანს ქართველ მომხმარებელს, ადგილობრივ თემებსა და სოფლის მეურნეობის ინდუსტრიას, რაც ქვეყნის ეკონომიკაზეც მნიშვნელოვნად აისახება.

გაუმჯობესებული და გაზრდილი წარმოება აკვაკულტურის ინდუსტრიას უფრო მეტად კონკურენტუნარიანს გახდის საქართველოს და საერთაშორისო ბაზრებზე.

ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებლად, მნიშვნელოვანი იქნება როგორც კერძო სექტორის ჩართულობა, ასევე, სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობა.

რას გულისხმობს სტრატეგია

საქართველოს აკვაკულტურის სტრატეგიას ოთხი ძირეული მიმართულება აქვს: რეგულარიზაციის პროცესი, სივრცითი ანალიზის გამოყენება აკვაკულტურის მართვაში, გარემოსდაცვითი ინსტრუმენტები და წყლის ცხოველთა ჯანმრთელობა და სურსათის უსაფრთხოება.

რეგულარიზაცია გულისხმობს სამთავრობო და კანონმდებლობის დონეებზე აკვაკულტურის ინდუსტრიისთვის სამართლებრივ და მმართველობითი სისტემის შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ეფექტური ადმინისტრაციული სტრუქტურის ჩამოყალიბებას. შედეგად, აკვაკულტურის სტრატეგიის განხორციელებისას შესაძლებელი იქნება ახალი და არსებული სუბიექტების რეგულარიზაცია ლიცენზირების მეშვეობით.

საზღვაო და კონტინენტური ზონების სივრცითი დაგეგმარება აკვაკულტურის მოწესრიგებული და მდგრადი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულების დასახვეწად, სტრატეგიული დოკუმენტი მიზნად ისახავს ევროპულ და გლობალურ დონეზე შემუშავებული. ინსტრუმენტების - აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონები (AZA) და აკვაკულტურის მართვის ზონები (AMA), დანეგრვას.

ეროვნული სტრატეგიის გარემოსდაცვითი ნაწილი მიზნად ისახავს აკვაკულტურასა და გარემოს შორის ურთიერთქმედების ბალანსის უზრუნველყოფას, რაც აღნიშნული ინდუსტრიის საქმიანობის მდგრადობას განაპირობებს ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისითაც.

წყლის ცხოველთა ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც აკვაკულტურის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. სტრატეგია გულისხმობს აკვაკულტურის ინდუსტრიაში სანიტარული დონის გაუმჯობესებასა და აკვაკულტურაში ცხოველთა ჯანმრთელობის გეგმის შემუშავებას. ამ გეგმის მიხედვით, აუცილებელია განათლების შესაძლებლობების, სამეთვალყურეო და დიაგნოსტიკური მომსახურების გაძლიერება, ბიოუსაფრთხოებისა და დაავადებებზე გადაუდებელი რეაგირების უნარის გაძლიერება და ვეტერინარულ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

“საქართველოს მრავალფეროვან სოფლის მეურნეობაში აკვაკულტურას მნიშვნელოვანი როლი უკავია და მისი განვითარება ამ სექტორის ქვეყნის და საერთაშორისო დონეზე უკეთესად წარმოჩენის შესაძლებლობას გააუმჯობესებს. აკვაკულტურის სტრატეგია განსაზღვრავს განვითარების გზას და მისი საზღვაო კომპონენტი თანხვედრაშია ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM) ხმელთაშუა და შავი ზღვების მდგრადი სათევზე მეურნეობისა და აკვაკულტურის სტრატეგიასთან, რაც შავი ზღვის წყლის რესურსების მდგრადი მართვის საერთაშორისო მანდატია. დარწმუნებულები ვართ, რომ დოკუმენტში მითითებული დაინტერესებული მხარეები საკუთარ როლს შეასრულებენ, რომ სტრატეგიის მთავარი მიზნის მისაღწევად“, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მდგრადი სასურსათო სისტემების პროგრამის მენეჯერმა, დენის რაისმა.

“საქართველოს აკვაკულტურის სტრატეგია ქვეყნის სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის განვითარების ახალი გზამკვლევია, რომელსაც ნამდვილად აქვს პოტენციალი, რომ აკვაკულტურის ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ბაზარზე უფრო მეტად უვნებელი პროდუქტის მიწოდების უზრუნველყოფასა და ექსპორტის შესაძლებლობების გაუმჯობესებას საფუძვლად ჩაეყაროს. ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, აღნიშნული სტრატეგიის შექმნისა და განხორციელებისთვის არაერთი აქტივობა გვაქვს ჩატარებული ბოლო წლების განმავლობაში. მიხარია, რომ აკვაკულტურის ინდუსტრიისთვის ჩვენ მიერ უახლოეს მომავალში დაგეგმილი ტრენინგები თუ სხვა ტიპის მხარდაჭერის პაკეტები უკვე დამტკიცებულ სტრატეგიასთან სრულ თანხვედრაში განხორციელდება”, ამბობს გუიდო აგოსტინუჩი, FAO-ს პროგრამის მენეჯერი.

“აღნიშნული სტრატეგიის დამტკიცებით ქვეყანამ კიდევ ერთი, ნაბიჯი გადადგა სოფლის მეურნეობის ისეთი უმნიშვნელოვანესი დარგის განვითარების გზაზე, როგორიც აკვაკულტურაა. ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომის, დაინტერესებულ მხარეებთან მუდმივი კონსულტაციების, ტრენინგების, საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობისა და სხვა უამრავი აქტივობის შედეგად, საქართველოს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის პოტენციალის რეალიზებისთვის და ახალი შესაძლებლობების გაჩენისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი დოკუმენტი დამტკიცდა. იმედი გვაქვს, რომ სტრატეგიის განხორციელების შედეგებსაც უკვე მალე ვიხილავთ ბაზარზე გაუმჯობესებული პროდუქტის, ახალი სამუშაო ადგილებისა თუ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი აკვაკულტურის ინდუსტრიის სახით”, ამბობს ჯუმბერ მარუაშვილი, FAO-ს პოლიტიკის უფროსი მრჩეველი.

ევროკავშირის შესახებ

30 წელზე მეტია ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://eu4georgia.eu/ka/evrokavshirisakartveloshi/

პროექტის შესახებ

ევროკავშირი, ENPARD პროგრამის ფარგლებში, მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში. სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და საქართველოში სიღარიბის შემცირების მიზნით  ENPARD პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამა, საწყის ეტაპზე, მხარს უჭერდა სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებას ქვეყანაში. მომდევნო ეტაპზე, პროგრამა ასევე კონცენტრირდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენის ხელშეწყობაზე. 2021 წლიდან პროგრამა ქვეყნის მხარდაჭერას სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების კუთხითაც ახორციელებს ევროკავშირისა და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, ENPARD IV-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის კომპონენტის მთავარ განმახორციელებელ ორგანიზაციებთან, FAO-სა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად.

ინფორმაციას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია(FAO) ავრცელებს.