დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 106 წლისაა. აკადემიის იუბილესთან დაკავშირებით, ბაკალავრიატის მეთერთმეტე და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მეოცე გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაესწრნენ.

მიხეილ ყაველაშვილმა კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და აკადემიის წარმატებით დასრულება მიულოცა. მან ქვეყნისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიის მნიშვნელობაზე გაამახილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აქ ყველა პირობაა შექმნილი უმაღლესი დონის ოფიცრების გასაზრდელად.

ირაკლი ჩიქოვანმა საკუთარ სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო განათლება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მისი განცხადებით, ამ კუთხით ხორციელდება არაერთი პროექტი, რაც თავდაცვის ძალებსა და  საქართველოს თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო გააძლიერებს.

კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს ასევე, თავდაცვის ძალების მეთაურმა და აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ.

აკადემიის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, თავდაცვის ძალების ოფიცერთა კორპუსი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, დაჭრილ-დაშავებული სამხედროები და კურსდამთავრებულების ოჯახის წევრები დაესწრნენ. 

 სიტყვით გამოსვლების შემდეგ, კურსდამთავრებულებისა და აკადემიის პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა და აკადემიის რექტორმა „საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი“ გახსნეს. შემეცნებით სივრცეში წარმოდგენილ ექსპონატებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოსს, რომლის  აღდგენა თავდაცვის სამინისტროსა და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ასევე ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით განხორციელდა.

წელს, ბაკალავრიატი 76-მა იუნკერმა, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსი კი, 42-მა მსმენელმა დაასრულა.