ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს.

კოდექსში შესატან ცვლილებებზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა ისაუბრა.

მომხსენებლის განცხადებით, ცვლილებების პროექტი სამ ძირითად მიზანს - სიგარეტის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას, სიგარეტის იმპორტიორებისათვის სამართლიანი და დაბალანსებული აქციზის განაკვეთის დადგენას და სახელმწიფო ბიუჯეტში დადებითი ფისკალური ეფექტის მიღწევას უკავშირდება.

„სიგარეტის ადგილობრივი წარმოების წილი ყოველწლიურად მცირდება და დღეისათვის სიგარეტის ბაზრის მხოლოდ 5-6%-ს შეადგენს. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ  საქართველოში მეთამბაქოებას 1000-მდე საოჯახო მეურნეობა ეწვა. დამატებით, საწარმოო პროცესში ასევე ჩართულია 1000-მდე ჩვენი მოქალაქე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თანაბარი საგადახადო ტვირთის პირობებში ადგილობრივ წარმოებას არ აქვს შესაბამისი რესურსი, რომ კონკურენცია გაუწიოს იმპორტირებულ პროდუქციას. შედეგობრივად მოსალოდნელია ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის წილის კიდევ უფრო შემცირება, რაც საბოლოო ჯამში იმით დასრულდება, რომ იმპორტირებული პროდუქცია სრულად ჩაანაცვლებს ადგილობრივს. ეს კი ნიშნავს 1000-მდე საოჯახო მეურნეობის შემოსავლების და 1000 სამუშაო ადგილის დაკარგვას“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, იმისთვის, რომ სიგარეტის ადგილობრივი წარმოება სრულად არ შეჩერდეს, მიზანშეწონილია ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე ლიმიტირებული მოცულობის ფარგლებში საშეღავათო აქციზის განაკვეთი დაწესდეს.