ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ანგარიში მოისმინა, რომელიც სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ წარადგინა.

კომიტეტის სხდომაზე ევროკავშირის სამართლებრივ სივრცესთან დაახლოების საკითხზე გამახვილდა ყურადღება. განსაკუთრებით აღინიშნა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის მიღების მნიშვნელობა, რომელიც უმნიშვნელოვანეს წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს მომხმარებელთა დაცვის თანამედროვე ევროპული სტანდარტების დამკვიდრების მიმართულებით.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, განხორციელებული რეფორმების შედეგად, ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან დაახლოების მაჩვენებელმა კონკურენციის სფეროში 75%-ს, ხოლო მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით 85%-ს მიაღწია.

სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ ხაზი გაუსვა „კონკურენციის შესახებ“ კანონში განხორციელებულ რეფორმებს, რომელმაც მნიშვნელოვნად გააძლიერა აღსრულების მექანიზმები და შესაძლებელი გახადა ბიზნეს სექტორში არსებულ დარღვევებზე ეფექტიანი რეაგირება.

მისი თქმით, სააგენტოს ძალისხმევით განხორციელდა ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგი, რის შედეგადაც დაინერგა ელექტრონული რეცეპტების სისტემა და რეფერენტული ფასწარმოქმნის მოდელი.

სააგენტოს ხელმძღვანელმა კომიტეტის წევრების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა, რომელიც დიდი კომპანიების გაერთიანებისა და სადაზღვევო ორგანიზაციების საქმიანობის საკითხებს შეეხებოდა. მომხსენებლის განცხადებით, მომხმარებელთა უფლებების მიმართულებით სააგენტო აქტიურად ახორციელებს საინფორმაციო კამპანიებს სკოლებში, აკადემიურ წრეებსა და სხვა დაინტერესებულ ჯგუფებში, რითაც ხელს უწყობს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას.

ირაკლი ლექვინაძემ გაზი გაუსვა სააგენტოს წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე და აღნიშნა, რომ სააგენტო ზედიზედ ორჯერ გახდა მსოფლიო ბანკისა და ICPEN-ის გლობალური ჯილდოს მფლობელი.

მისი თქმით, საქართველო 2026-2027 წლებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ქსელის ICPEN-ის პრეზიდენტად აირჩიეს. მისი შეფასებით, გაძლიერებული საკანონმდებლო ბაზა და გაუმჯობესებული აღსრულების მექანიზმები საქართველოს ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის, გამჭვირვალობისა და მომხმარებელთა დაცვის მაღალი ხარისხის სტანდარტების ჩამოყალიბების საფუძველს ქმნის.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა მზადყოფნა გამოხატა კომიტეტის ფარგლებში მხარი დაუჭიროს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა მომხმარებელთა უფლებების დაცვა კიდევ უფრო განვითარდეს და მოქალაქეების ინტერესებსა და საჭიროებებს მოემსახუროს.