პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია, სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა.
განათლების სარდალი ბიზნესის ადმინისტრირების, ასევე განათლების ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. მან სტუდენტებთან თავდაცვის ძალებში სამხედრო კარიერული განვითარებისა და სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობებზე ისაუბრა. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღეს.
მოგვიანებით, სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს თავდაცვის ძალების პრიორიტეტებსა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს და აუდიტორიასთან „თავდაცვის კოდექსით“ გათვალისწინებულ სიახლეებზე ისაუბრეს.
თავდაცვისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროების ერთობლივი პროექტი ქვეყნის მასშტაბით სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ხორციელდება. „ჩვენი ჯარი“ სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციასა და თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.