პროექტის - „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობენ. საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მეოთხე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები ქართულ-ამერიკულ სკოლაში იმყოფებოდნენ.
მათ მაღალი კლასების მოსწავლეებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. მოსწავლეებმა თავდაცვის ძალებში სამსახურის ფორმების, სამხედრო განათლებისა და კარიერული განვითარების საკითხების მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს. სამხედრო მოსამსახურეებმა მათ ქართული ჯარის ისტორია, როლი, ამოცანები და პრიორიტეტები გააცნეს. ჯარისკაცებმა მოსწავლეების შეკითხვებსაც უპასუხეს.
„ჩვენი ჯარი“ სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციასა და თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი პროექტი 2018 წლიდან მიმდინარეობს. 2023 წლიდან „ჩვენი ჯარი“ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც მოიცავს და საქართველოს მასშტაბით სკოლებსა და უნივერსიტეტებში წარმატებით მიმდინარეობს.