გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილის განმარტებით, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე 15 310 ჰა ფართობს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭება და შეიქმნება ახალი დაცული ტერიტორია - გურიის ეროვნული პარკი.
შესაბამისად უქმდება „პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონი, ვინაიდან ამ კანონით განსაზღვრულ 443 ჰექტარი შევა გურიის ეროვნული პარკის საერთო ფართობში და მიენიჭება ეროვნული პარკის კატეგორია.
კანონპროექტის თანახმად შეიქმნება სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს გურიის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია, რომელიც განახორციელებს გურიის ეროვნული პარკის მართვას.
ნინო თანდილაშვილმა კომიტეტს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი კიდევ ერთი კანონპროექტი- „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გააცნო.
მომხსენებლის განმარტებით, კანონში ცვლილება განპირობებულია კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში მოსახლეობისა და ვიზიტორთა გადაადგილების შეუფერხებლად უზრუნველყოფის მიზნით. მისი თქმით, მოქმედი კანონის თანახმად, ტრადიციული გამოყენების ზონაში ვიზიტორთა გადაადგილებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ლიმიტირებული ძოვების, თიბვის, თევზჭერისა და საშეშე მერქნის დამზადებისთვის, შიგაწვის ძრავიანი ნავებით გადაადგილება დაშვებული იყო 2024 წლის 1 იანვრამდე. ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება ელექტრო ძრავიანი ნავების შეძენა. ასევე, ვიზიტორთა მომსახურების მიზნით ელექტრო ძრავიანი ნავების შეძენა გამოიწვევს დიდ დანახარჯებს. შესაბამისად, კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვის ძრავიანი ნავებით (პონტონებით) ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორთა გადაადგილება დაშვებული იქნება 2028 წლის 1 იანვრამდე.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტებს.