გურიის რეგიონში, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, 15 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე, ეროვნული პარკი დაარსდება. „გურიის ეროვნული პარკის შექმნის და მართვის შესახებ“ კანონპროექტი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.
„დაცული ტერიტორიების განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ორჯერ გავზარდეთ დაცული ტერიტორიების ფართობი და პროცესი გრძელდება. დაცული ტერიტორიების სააგენტოს და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის პროგრამის ოფისის მიერ, შვედეთის მთავრობის დაფინანსებით, განხორციელდა მნიშვნელოვანი სამუშაოები: - ადგილზე ჩატარდა კვლევები, რათა გურიის ეროვნული პარკის დასაარსებლად კანონპროექტი შეგვემუშავებინა. აქტიურად ვიმუშავეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან.
გვქონდა საჯარო განხილვები მუნიციპალიტეტებში. ყველა სახელმწიფო უწყებასთან კონსენსუსის საფუძველზე შეჯერებული ვერსიით, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, 15 300 ჰექტარ ფართობზე, გურიის ეროვნული პარკი დაარსდება. აქედან, მთლიანი ფართობის 92% - 14 141 ჰექტარი არის ტყის ტერიტორია, დანარჩენი ფართობი კი, ძირითადად ალპური მდელოებია. ჩვენ გვესმის, რომ დაცული ტერიტორიების დაარსება გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს და ამ ფონზე, უნდა აღვნიშნო, რომ ეროვნული პარკის ფარგლებში ტრადიციული საქმიანობა, სათიბი და საძოვრების გამოყენება არ იზღუდება. ვფიქრობ, ასეთი ეროვნული პარკის შექმნა, გურიის რეგიონისთვის, რეგიონული განვითარების კონტექსტში, ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, კანონპროექტის უმთავრესი მიზანი, პარკის დაარსებით, ადგილზე დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის, ვიზიტორთა ცენტრის შექმნით და ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებით, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული გურიის ეკოტურისტული პოტენციალის გაზრდაა.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კანონპროექტი პირველი მოსმენით მოიწონეს.