თბილისში, "სადგურის მოედანზე" საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
"სადგურის მოედნის" მიმდებარედ საცხოვრებელი კორპუსის პარაპეტი ჩამოინგრა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერი ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც გაირკვა, ავარიულ კორპუსს მე-3 კატეგორიის ხარისხი ჰქონდა მინიჭებული, თუმცა, როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, მცხოვრებლები არ ტოვებდნენ სახლს. ავარიული კორპუსს, რომელიც ჩამოინგრა, მე-3 ხარისხის ავარიულობის კატეგორია აქვს მინიჭებული და ფაქტია იქ ხალხი ცხოვრობდა იმის მიუხედავად, რომ გამგეობამ არაერთი შეხვედრა გამართა კორპუსის ჩანაცვლების საკითხზე
"ისეთი ხმა იყო, ჩვენ, ოჯახის წევრებს მიწისძვრა გვეგონა. რომ გამოვედით, საკმაოდ დიდი ბინა არის და მეორე მხრიდან, რომელი მხრიდანაც ჩამოვარდა ეს პარაპეტი, ჩემი რძალი გამოვიდა ბავშვებით და ჩამოინგრაო. შიშში, რა თქმა უნდა, ჩამოვედით სულ ყველა ეზოში, მაგრამ ნამდვილად არ გვეგონა, ის თუ ჩამოინგრეოდა. ჩვენ გვქონდა გახსნილი ბზარები, რომელიც იყო მე-5 სადარბაზოში, რომ იქ რაღაცა ფრაგმენტები ჩამოვარდა, მაგრამ ეს ამხელა მასა თუ ჩამოვარდებოდა, ნამდვილად არავის არ ეგონა. თუმცა სახლი ავარიულია, ექსპერტიზის სამხარაულის დასკვნაც არის. არაერთხელ იყო მოსული გამგეობიდანაც, მერიიდანაც, რომ ჩანაცვლებით პროგრამას გვთავაზობდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ აქვე დაინგრევა ეს სახლი და აქვე აგიშენდებათ, ჩვენ ვუზრუნველვყოფთ, როგორც გუშინ მყისიერად გადაგვიყვანეს სასტუმროებში, დაგვაბინავეს. გვიქირავებდნენ ბინებს, მაგრამ ძალიან ბევრი მეაზობელი უარზე იყო.
მეც თანახმა ვიყავი იმიტომ, რომ პატარა მცირეწლოვანი შვილიშვილები მყავს და მინდოდა მშვიდად მეცხოვრა და არ ვყოფილიყავი იმის შიშში, რომ რაღაც არ მოხვედრილიყო", - აცხადებს ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრები.