თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის დარჩენილი ნაწილის გამაგრების სამუშაოები დაიწყო.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ტერიტორიაზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეები ეწყობა, რომელიც ზაფხულის ბოლომდე დასრულდება.
„გასულ წელს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის ნაწილის გამაგრების სამუშაოები დავიწყეთ - ჩამოწმენდა, გამაგრება, მოწესრიგება და შეფუთვა შესაბამისი მასალით. მაშინვე ვთქვით, რომ აღნიშნული სამუშაოები ფერდის დანარჩენ ნაწილშიც განხორციელდებოდა. რამდენიმე დღეა ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეების მოწყობა დავიწყეთ. პროექტს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს და ზაფხულის ბოლომდე დასრულდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ტერიტორიაზე ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.